Saturday, July 4, 2009

ოთარ იოსელიანი

უტყუარი კინემატოგრაფიული ხედვა

ოთარ იოსელიანი დაიბადა 1934 წლის 2 თებერვალს თბილისში. 1952 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია კომპოზიციის, დირიჟორისა და ფორტეპიანოს განხრით. 1953 წელს მოსკოვში გაემგზავრა, სადაც ორი წელი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. 1961 წელს დაამთავრა რუსეთის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (ვგიკი), სადაც უშუალოდ ალექსანდრე დოვჟენკოსა და მიხეილ ჭიაურელის მოსწავლე იყო. 1956 წლიდან სწავლის პარალელურად მუშაობდა კინოსტუდია “ქართულ ფილმში” რეჟისორის ასისტენტად, 1956-59წწ. მემონტაჟედ, 1959-61წწ. დოკუმენტური ფილმების რეჟისორად, ხოლო 1961 წლიდან იყო სტუდიის რეჟისორი და სცენარისტი. 80-იანი წლებიდან მოღვაწეობს საფრანგეთში. არის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979); საქართველოს სახალხო არტისტი (1984). მიღებული აქვს რუსეთის დამოუკიდებელი პრემია “ტრიუმფი” (1993), ბერლინის აკადემიის მთავარი პრემია (1995), შოთა
რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (1998), საფრანგეთის აკადემიის ოქროს მედალი (1999).

1962 წელს დადგა მცირემეტრაჟიანი ფილმი “აპრილი”, 1971 წელს გადაიღო ფილმი “იყო შაშვი მგალობელი”, 1976 წელს დიდ ეკრანზე გამოვიდა “პასტორალი”.

მიუხედავად უცხო ქვეყანაში ცხოვრებისა, ის არ წყვეტს კავშირს სამშობლოსთან. იგი იძულებული გახდა კომუნისტურ რეჟიმთან შეუგუებლობის გამო დაეტოვებინა საქართველო. 1984 წელს მან გადაიღო ფილმი “მთვარის ფავორიტები”. ეს ფილმი და კიდევ სხვა საფრანგეთის სახელით გახდა ცნობილი. მისი ფილმებია:

1962 ”აპრილი”
1970 “იყო შაშვი მგალობელი”
1976 “პასტორალი”

საფრანგეთში გადაღებულ ფილმთაგან ცნობილია:

1984 “მთვარის ფავორიტები”
1989 “და იყო სინათლე”
1992 “ნადირობა პეპლებზე”
1995 “საქართველო,ეული”
1996 “ყაჩაღები”,VII თ
1999 “მშვიდობით,მშობლიურო მიწავ!”
2002 “ორშაბათი დილა”
2006 “შემოდგომის ბაღები”

დიდი რეჟისორი, ოთარ იოსელიანი უკვე 30 წელია ცხოვრობს პარიზში. ის ერთნაირად უყვართ ქართველებსაც, რუსებსაც და ფრანგებსაც, მას ყველა თავისიანად თვლის.

იოსელიანს, თავის საქმის დიდ ოსტატს, საბჭოთა კავშირში უჭირდა მუშაობა. ყველა ფილმი გადიოდა ცენზურას. ჩინოვნიკები ზღუდავდნენ მის ხელოვნებას. იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა კომუნისტური ხელისუფლების მიერ ანექსირებული საქართველო და წასულიყო ემიგრაციაში. ოთარ იოსელიანი საფრანგეთის მოქალაქეა.
მან მოღვაწეობა საფრანგეთში განაგრძო. მას ეგონა, რომ თავისუფალ ქვეყანაში ჩავიდა, სადაც გააკეთებდა იმას, რაც უნდოდა, მაგრამ ყველაფერი არც ისე ადვილი აღმოჩნდა. ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც ქმნიდა ფილმებს, შიშობდა, რომ ამ ფილმებს პუბლიკა აითვალწუნებდა. ანუ ცენზურა გადავიდა მაყურებლის წიაღში. იყო გარკვეული სირთულეები, სანამ იოსელიანი არ გადაეყარა ისეთ ხალხს, რომლებსაც უბრალოდ უყვარდათ კინო და ყველაფერზე მიდიოდნენ მის შესაქმნელად.

რეჟისორი აგერ უკვე ნახევარი საუკუნეა, რაც ფილმებს იღებს საფრანგეთში, მაგრამ ფრანგულ კინემატოგრაფიას არ ყოფნის თანხები და ნახევრად ფილმებს აფინანსებს რუსეთი. ეს რომ არა, ძალიან გაუჭირდებოდა მას ამ საქმის კეთება.

მოსკოვი ხშირად მართავს ზეიმებს იოსელიანის პატივსაცემად. იქ ძალიან უყვართ რეჟისორის საავტორო კინო, რომელშიც წარსულის დიდი ხელოვნება გაერთიანდა რუსულ-ქართულ ფესვებთან. იოსელიანი თვლის, რომ პოლიტიკოსი არ არის, მაგრამ გამოხატავს თავის გულისტკივილს ქართულ-რუსულ ურთიერთობაზე. მას მაინც
ჰგონია, რომ რუსეთსა და საქართველოს ბევრი საერთო აქვს ხელოვნებისა და კულტურის ეგიდით.

საფრანგეთში მას თვლიან როგორც ქართველ კინემატოგრაფისტს. ოთარ იოსელიანი თვლის, რომ რუსეთისა და საქართველოს კინომატოგრაფია ნელ-ნელა ქრება. წლები სჭირდება, რომ თავისმა მეგობრებმა შექმნან ფილმები. ეს არის საშინელება, ვისაც თავდავიწყებით უყვარს თავისი პროფესია. ის აგრეთვე ამბობს, იმიტომ დატოვეს ქვეყანა სხვა კინემატოგრაფისტებმა, რომ მათი სამუშაოს დაფინანსების პროცესი დაიხურა, კინო - ეს ძვირადღირებული სამუშაოა. მას კი უნდა ემუშავა... მას არ შეეძლო უსაქმოდ ყოფილიყო და ესვა, ყოფილიყო იმის მოლოდინში, რომ ოდესღაც ფულს ვინმე გაიმეტებდა და ის გაუშვებდა ფილმს წარმოებაში... თბილისში თავისი კოლეგები იღებენ თითო სურათს რვა-ცხრა წლის მანძილზე. მას კი არ შეეძლო წლობით ცხოვრება და წლობით ფილმის გადაღება. ის იღებს სურათს ორ თვეში. მოიფიქრებს თუ არა სიუჟეტს, უნდა გადაიღოს ძალიან სწრაფად. მას მოჰყავს ე. შენგელაიას, ლ. ღოღობერიძის მაგალითები, რომ ისინი პოლიტიკაში წავიდნენ იმიტომ, რომ ვეღარ იღებდნენ კინოს. პოლიტიკა სისაძაგლეა, - ამბობს იგი. მას არ უნდა ამით დაკავდეს ან პროფესია შეიცვალოს და სადაც არ უნდა იღებდეს ფილმს - პარიზსა თუ მოსკოვში, ან თბილისში, - იღებს ისე, როგორც გადაიღებდა სახლში (საკუთარ ქვეყანაში). იოსელიანი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება სცენარს, გადაღებასა და მონტაჟს.

ჟურნალისტის კითხვაზე, მას საკუთარ სამშობლოში დაბრუნების სურვილი თუ აქვს? ის ამბობს, რომ მაშინ უნდა გაყიდოს ვაშლი და არა საკუთარი საქმე აკეთოს. ხოლო სხვა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველებზე ფიქრობს, თუ როგორ უნდა დაბრუნდნენ ადამიანები უკან, როცა მათ უმრავლესობას მშობლიური ენა დაავიწყდათ. იოსელიანი თვლის, რომ ადამიანს შეუძლია იმუშაოს იქ, სადაც ცხოვრობს, აკეთოს თავისი საქმე. მიუხედავად ამისა, მას არ დაუკარგავს ქართული აქცენტი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მას შენარჩუნებული აქვს ეროვნული ფესვები. მსოფლიო მოქალაქემ დიდი ხნის წინ მოიპოვა დამოუკიდებელი რეჟისორის რეპუტაცია. მისი ფილმების უდიდესი ნაწილი იმაზეა, რომ ნებისმიერი სოციალური სტრუქტურა ამონებს პიროვნებას და როგორც კი ადამიანი აღწევს თავს ამ მონობას, არა აქვს მნიშვნელობა სად და როგორ, ის ხდება ბედნიერი. თუმცა ის დიდი გულისტკივილით იხსენებს ძველ დროს.

თავისუფალ დროს ის ჩამოდის საქართველოში, მას მიაჩნია, რომ საქართველოში ყველაფერი სხვანაირად არის. ყველაფერი დანგრეულია, მაგრამ ის თვლის, რომ საქართველოს გარეშე მას ცხოვრება არ შეუძლია, რადგან თვალი შეჩვეულია აქაურ პეიზაჟებს, ყური შეჩვეულია ენას და ამის გარეშე მას არ შეუძლია ცხოვრება.

საბჭოთა კინორეჟისურა იყო უნიკალური მოვლენა. არა მარტო იოსელიანი, არამედ ის ხალხი, ვინც უკრძალავდა რეჟისორს ამათუ იმ კადრების გადაღებას, იყვნენ იმ დროისათვის არსებული სისტემის მსხვერპლი.

ამრიგად, ქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი მიუხედავად 40 წლიანი ცხოვრებისა საზღვარგარეთ, არ დაუკარგავს საკუთარი ქვეყნის სიყვარული და საჭირო დროსა და ჟამს იგი ყოველთვის საკუთარი ხალხის გვერდით დგას.


სოფიკო კვირიაშვილი